მეუფე გრიგოლი „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
მან კომენტარი ბოლო დღეებში ერთ-ერთ აქტუალურ თემაზეც გააკეთა, რომლის მიხედვითაც ეკლესიებში ზიარების მიღება ერთჯერადი კოვზით უნდა მომხდარიყო, თუმცა საპატრიარქოს გადაწყვეტილებით ეს წესი არ შეიცვალა.
მეუფე გრიგოლი იმედს გამოთქვამს, რომ როგორც საზოგადოება, ასევე სამღვდელოება ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. მისივე განცხადებით, ის აზრი, რომ ეკლესიაში არაფერი არ დაგემართება არასწორია, რადგან სიკვდილი და ავადმყოფობა გარდაუვალი მოვლენაა.
„გასათვალისწინებელია რიგი სხვა მომენტებიც, რომელიც რეალურ სურათს გვაჩვენებს. რეალური სურათი ასეთია - რეგულაცია ეკლესიასთან მიმართებაში შეიძლება აღქმული იქნას ეკლესიის წინააღმდეგ რაღაც ჩანაფიქრად და შეთქმულებად. გონიერება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა კეთილი და ბოროტი გაარჩიოს. კრიტიკული აზროვნება არის კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი.
დღევანდელ დღეს, აი ამ განსაკუთრებულ ვითარებაში პანიკური შიში არ გვმართებს. დღევანდელი დადგენილება, რაც საუბრის და განხილვის თემა გახდა, ბოლომდე ვერ ასახავს იმას, რომ ჩვენ ბოლომდე რეალურად აღვიქვამთ საფრთხეებს.
მსოფლიო ცხოვრობს ახალ რეალობაში, მათ შორის ჩვენც. მდგომარეობას სწორედ ის ფაქტორი ართულებს, რომ ჩვენ ომში ვართ, მაგრამ მტერს ვერ ვხედავთ. სპეციალისტები ვარაუდებს გამოთქვამენ, ცდილობენ გამოიკვლიონ ამ მტრის შემდგომი მოქმედების გზა, თუ რამ შეიძლება ის დაასუსტოს, რამ შეიძლება ის დაამარცხოს. უსაფრთხოების ნორმები ამ მტრისგან თავის არიდებას გულისხმობს. ესენია: სოციალური დისტანციის დაცვა, განსაკუთრებულ შემთხვევებში ერთჯერადი ჭიქების გამოყენება, დახურულ სივრცეში ბევრი ადამიანის ყოფნა და სხვა რიგი დადგენილება. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია და ბუნებრივია, რომ ტაძარი, რომელიც დახურული სივრცეა, აქ რიგი საკითხებია გასათვალისწინებელი, რომელსაც უკვე ადგილზე მღვდელმთავარი ითვალისწინებს.
ტაძარი ხშირად უნდა განიავდეს. დღეს ჩემი ეპარქიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ადამიანები, რომლებიც ტაძარში იმყოფებოდნენ საოცრად მოწესრიგებულად იქცეოდნენ, ერთმანეთისგან შორს დგებოდნენ და ა.შ. ამის საშუალება შეიძლება ყველგან არ იყოს რადგან მცირე ტაძარია ზოგი.
ეკლესია არ არის ის, რაც მხოლოდ ტაძრის შენობაშია. ეკლესია მისტიური სხეულია ქრისტესი. ეკლესიის უხილავი თავი იესოა და მისი წევრები ჩვენ ვართ. ასეთი ეკლესია სახლშიც არის, ტაძარშიც და ციხეშიც. არაა პრობლემა სად ილოცებ. ღვთისმსახურება ღია ცის ქვეშაც შეიძლება ჩატარდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამღვდელოება ისე იმოქმედებს, რასაც ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა მოითხოვს.
ამით დამშვიდება, რომ ეკლესიაში, როგორ შეიძლება რამე დაგემართოს - არასწორია. სახარებაში ვკითხულობთ, რომ რწმენა გადაგარჩენს, მაგრამ გავიხსენოთ, რომ მაშინ როდესაც ქრისტემ 4 დღის მკვდარი ლაზარე აღადგინა, ბოლოს ისიც გარდაიცვალა. სიკვდილი და ავადმყოფობები გარდაუვალი მოვლენაა. ყველა შემთხვევაში იმას ვერ ვიტყვით ესა თუ ის ავადმყოფობა სასჯელია თუ არა. საჭიროა საღი აზრი და გონიერება. მორწმუნეობა არ ნიშნავს იმას, რომ საღ აზრს უარი უთხრა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.